პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დეპუტატებს დოკუმენტი თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინა.
2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%); სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით იზრდება 895,2 მლნ ლარით და შეადგენს 27 941,7 მლნ ლარს.
რაც შეეხება სამინისტროებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 820,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 990.9 მლნ ლარით.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 085,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577,0 მლნ ლარით.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 297,6 მლნ ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება იქნება 298,4 მლნ ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 125,0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 405,8 მლნ ლარი, გრანტებში 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში - 700,8 მლნ ლარი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808.1 მლნ ლარს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947,0 მლნ ლარი, რაც 146,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121,0 მლნ ლარს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,0 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 215,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 730,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 350,0 მლნ ლარით აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 395,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 135,0 მლნ ლარით აღემატება, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
ფინანსთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2024 წლის მსგავსად, 2025 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
"ბიუჯეტის ყველა მაკრო-ფისკალური მაჩვენებლები ევროპული და ქართული კანონმდებლობით დადგენილ საუკეთესო პრაქტიკით განსაზღვრულ დონეზეა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პარლამენტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა.