28 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"გამორიცხული არ არის, აქ იმ დარჩენილი რადიკალების რიგი დადგეს, რომლებიც პარლამენტში შემოსვლას დააპირებენ" – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ამ დროისთვის, 61 ოპოზიციონერი დეპუტატიდან ოფიციალური განაცხადი მხოლოდ 20-ს აქვს გაკეთებული.

მათი ბედი "ქართული ოცნების" წევრებმა უნდა გადაწყვიტონ და საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ.

მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, მათთვის გაუგებარია, რომ, ერთი მხრივ, პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და, მეორე მხრივ, მას განცხადებით მიმართავდე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს ადამიანები არ იმსახურებენ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას, ვინაიდან ისინი ქართველ ხალხ უდგანან ოპოზიციაში და არა მმართველ გუნდს.

"ესენი არიან ის უსამშობლო ადამიანები, ვისი ადგილიც არ არის პარლამენტში, ისინი არ გამოხატავენ ჩვენი საზოგადოების ნება-სურვილს და არც აღიარებენ იმ ფაქტებს, რომელიც რეალურად მოხდა. ისინი საკუთარ სამშობლოს უდგანან ოპოზიციაში და არა მმართველ პარტიას. იმდენად უსუსურია ის ფორმაც და ოპოზიციური რადიკალიზმის გამოხატულების სახე, რომ ძალიან მძიმე ვითარებაში არიან, გამორიცხული არ არის, რომ აქ რიგი დადგეს იმ დარჩენილი რადიკალების, ვინც პარლამენტში შემოსვლას დააპირებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, "ძლიერი საქართველო" აპირებს, რომ პარლამენტში მანდატების დათმობის შესახებ ინდივიდუალური განცხადებები შეიტანოს.

პარლამენტისთვის მიმართვას არ ჩქარობს "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას გუნდი.

დღის ამბები