ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.
"ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა, 130 მილიარდ ლარს გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ, ანუ დამატებით სულ მცირე 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა და მიზნის შესრულებაზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.