საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არჩევნების შესაფასებლად ეუთო/ოდირის დასკვნას უნდა დაჰყრდნობოდა, ჩნდება განცდა, რომ არსებობს სურვილი ამ დასკვნის გვერდის ავლის და სხვა ანგარიშებზე დაყრდნობის.
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი, ეუთო/ოდირის დასკვნის ერთგული დარჩება.
“ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასებისას დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს აღქმას, რომ ხომ არ არის სურვილი, მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს ამ დასკვნის გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი ენჯეოების მხრიდან მომზადებული, რომლებზეც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.
ეუთო/ოდირმა თავის ანგარიშში წერილობითად და ზეპირად, ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.