ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია გააცნო. როგორც მან განაცხადა, 10:00 საათის მონაცემებით, 324,197 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
“საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 324,197 ამომრჩეველი მივიდა, რაც გახლავთ 9.27%. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქვთ მოთხოვნილი გადასატანი საარჩევნო ყუთები, მოგახსენებთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკური შეფერხება, ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ანდა უფასო რეკლამა, ასევე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“ - აცხადებს.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.