"ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატო-ს წევრი ვერ გახდება," - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი აცხადებს. ოლაფ შოლცის თქმით, ამ მომენტისთვის უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია და ეს საკითხი ახლა დღის წესრიგშიც კი არ დგას.
შოლცმა გერმანული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" პირველი პუნქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინის ნატო-ში მიწვევას გულისხმობს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და, მისი აზრით, "ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება, ჯერჯერობით, არ არსებობს".
"მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ყველამ იცის, რომ ამგვარი შემთხვევა არ არსებობს. ნატო-ში მიწვევა კი ალიანსში საკმაოდ სწრაფად გაწევრიანებას ნიშნავს. ეს ყველამ იცის და ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. აღნიშნული ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ თემაზე პოზიციას ძალიან მკაფიოდ გამოვხატავ, ჩემს პოზიციას არ შევცვლი," - აცხადებს შოლცი.