24 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი" - შალვა პაპუაშვილმა ყირიმის პლატფორმას სიტყვით მიმართა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ყირიმის პლატფორმას სიტყვით მიმართა. შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ომის დაწყებიდან დღემდე გვერდში უდგას უკრაინელ მეგობრებს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილე ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის იმუშაოს. ყირიმის პლატფორმის ფარგლებში სამიტი წელს მესამედ რიგაში იმართება და მასში 46 ქვეყანა მონაწილეობს.

"ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი. უკრაინის საზარელი კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა, როდესაც ომი მათ მიუახლოვდათ და შეახსენა, რომ მშვიდობა ძვირფასი და განუყოფელია და, ამავდროულად, ძალიან მყიფე. ჩვენ ცეცხლის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის რკალში ვართ. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს სამართლიან მშვიდობას ვუსურვებ და იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები