საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროში სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილეებს, თბილისის დროით, ხვალ გამთენიისას მიმართავს.
ცნობილია, რომ ყურადღება გამახვილდება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, აქცენტი გაკეთდება ოკუპაციაზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საგარეო კურსსა და რეფორმებზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში უკვე მესამე დღეა იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ "მომავლის სამიტზე". გამართა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, გაეროს გენერალურ მდივანთან.