25 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა" - კახა კალაძემ ოლიმპიურ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ოქროს მედლების მფლობელებს მადლობა გადაუხადა მთელი ქვეყნის გახარებისთვის.

"ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. გულწრფელად მინდა მივულოცო მათ ეს დიდი წარმატება, რადგან მთელი საქართველო გაახარეს. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 215 კილოგრამი აიტაცა, 255 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა - იგი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მოპოვება.
ლაშა ბექაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი დაამარცხა და პარიზის 2024 წლის თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება მიულოცა სპორტსმენებს - ტატო გრიგალაშვილს, ილია სულამანიძეს, გივი მაჭარაშვილსა და ლაშა გურულს.

"წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა. სამი ოქროს გარდა, ვერცხლის მედლებს თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი, ძიუდოში - ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი მოკრივე ლაშა გურულის ანგარიშზეა. თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს.

ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის მეთაურს. ეს წამახალისებელია ქართველი სპორტსმენებისთვის, რაც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.

ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. ამ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებული ადამიანი და სპორტსმენი ჰყავს. მანამდე ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვახარეს, ისტორია დაწერეს. მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა. ვულოცავ კიდევ ერთხელ ყველა სპორტსმენს, მადლობას ვუხდი ჩვენი გახარებისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდს გადაუხადა.

დღის ამბები