22 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
ეს არის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც აჩვენებს სასამართლოს მცდელობას, გარე კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავად გააკონტროლოს, ვინ დანიშნონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ვინ არა - გურამ იმნაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გამო, ათონელზე იმ კომისიის წევრები შეიკრიბნენ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატის შესარჩევად მოიწვია.

მათ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, იზღუდება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები და ეს სახიფათო პრეცედენტია.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის სარჩელი, რომელიც პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას ეხებოდა.

სასამართლოს ბრძანებით, შეჩერდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ამასთანავე, სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, ზურაბიშვილს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და სხვა ახალი წევრის დანიშვნა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, გარდა ამისა, ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ "კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა".

"აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ, საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში - დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.

ეს არის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც აჩვენებს სასამართლოს მცდელობას, თავად გააკონტროლოს გარე კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ვინ დანიშნონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ვინ - არა.

მომავალში, იგივე ლოგიკა, შეიძლება, გავრცელდეს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილიყოს მიღების წესზე", - განაცხადა გურამ იმნაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა.

"საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და, საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში.

სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არცკი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა. უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის, ფაქტობრივად, განულებული. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო, კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები