22 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
აივ ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა, ეს ისტორიაში მე-7 შემთხვევაა

გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში აივ-ინფექციისგან უკვე მეორე პაციენტის განკურნება შეძლეს. ეს ისტორიაში აივ ინფექციისგან განკურნების მე-7 შემთხვევაა.

მედიკოსების განცხადებით, 60 წლის მამაკაცი 2015 წლის ოქტომბერში, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის გამო ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკურნალობდა.

მან 2018 წლის სექტემბერში შეწყვიტა აივ ინფექციის ჩასახშობად საჭირო ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღება, მაგრამ მას შემდეგ, თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, მას შიდსის გამომწვევი ვირუსის შესამჩნევი დონეები არ განუვითარდა.

მამაკაცის ექიმების განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა აივ ინფექციის გენური თერაპიით მკურნალობის პოტენციალს ზრდის.

აივ ინფექციისგან განკურნების წინა შემთხვევებიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვას უკავშირდება, რადგან ყველა განკურნებულმა პაციენტმა, ლეიკემიის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს.

მკვლევრები აივ ინფექციის განკურნებას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ღეროვანი უჯრედების დონორებმა ბუნებრივად მემკვიდრეობით მიიღეს CCR5-delta32-ის ორი ასლი, ანუ ლეიკოციტების CCR5 გენის მუტაცია.

მეცნიერების განმარტებით, ეს გენეტიკური მუტაცია ადამიანებს ანიჭებს იმუნიტეტს, რომელიც ორგანიზმს ბუნებრივად იცავს აივ ინფექციისგან და ვირუსს არ აძლევს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას.

დღის ამბები