22 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
დემოკრატების კანდიდატი, ჯო ბაიდენის ნაცვლად, სავარაუდოდ, კამალა ჰარისი იქნება - რა გამოხმაურება მოჰყვა მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, დემოკრატების კანდიდატი, ჯო ბაიდენის ნაცვლად, სავარაუდოდ, კამალა ჰარისი იქნება. მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დემოკრატიული პარტიის ლიდერების უმრავლესობამ მხარი ჰარისს დაუჭირა. ინფორმაციას აშშ-ის დემოკრატიული კომიტეტების ასოციაცია ავრცელებს.

მანამდე ჯო ბაიდენმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო მიიღო. თავის მხრივ, ჰარისმა პირობა დადო, რომ ჯერ დემოკრატიული პარტიის შიდა კანდიდატებს შორის გაიმარჯვებს, შემდეგ კი ყველაფერს გააკეთებს ტრამპის დასამარცხებლად.

დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მისთვის მტკივნეული იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "გაბედული ხედვაა".
 
"პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის ძლიერი და მტკივნეული იყო, ეს მართლაც გაბედული ხედვაა. პრეზიდენტი ბაიდენი იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი, ყველაზე გაბედული პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებით, მან ხელი შეუწყო ლიდერობის მემკვიდრეობის განმტკიცებას. მან ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენა, რაც დონალდ ტრამპს არასოდეს გაუკეთებია. ჯო ბაიდენი დღეს მოქმედებდა ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. მან ერის კეთილდღეობა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენა. ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები და პატივს ვცემ," - აცხადებს ბლუმენტალი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი კი მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისა და მისი წარუმატებლობის თანაავტორია.

"დემოკრატებმა არ იციან, რა გააკეთონ. მათ არ აქვთ სიცოცხლისუნარიანი გეგმა B. ბევრ მათგანს არ სჯერა, რომ კამალა ჰარისი ასევე წარმატებული კანდიდატია. თუ კამალა არის ნომინანტი, კარგით, იყოს. ის არის ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის თანაავტორი. ის თავად არის ერთ-ერთი ავტორი ამ პოლიტიკის წარუმატებლობის. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით ენერგიულ დებატებს ამერიკის ორი კონკურენტული ხედვის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი რესპუბლიკური პარტიის მხარეს დადგება," - აცხადებს ჯონსონი.

დემოკრატების ყრილობა 19 აგვისტოს არის დანიშნული. სწორედ ყრილობაზე უნდა დაასახელონ პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება დონალდ ტრამპი და აცხადებს, რომ "კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის".

 

დღის ამბები