დიდ ბრიტანეთში ხვალ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი იწყება, რომელშიც ევროპის კონტინენტის 47 სახელმწიფოს მეთაურია მიწვეული. ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, ქალაქ ვუდსტოკში მდებარე ბლენჰაიმის სასახლე, სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი თემებია უკრაინის შემდგომი დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია.
სამიტის მთავარი მასპინძელი გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრია, ევროკავშირს კი მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წარმოადგენს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას დელეგაციასთან ერთად იღებს, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფება.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში, იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აქვს როგორც გამოწვევა ევროკავშირს, ასევე - იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს. საკითხები და მრგვალი მაგიდა იქნება, თემატურად, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის თემატიკაზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, განსაკუთრებული როლი შეასრულოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.