დახურულ კარს მიღმა, თითქმის ორსაათიანმა საუბარმა, ურთიერთობები ჯერ ვერ გადატვირთა. ბლინკენის თანაშემწის გზავნილებში, პრემიერ-მინისტრს კონკრეტიკა დააკლდა. კერძოდ ის, თუ რაში მდგომარეობს მმართველი გუნდის ანტიდემოკრატიულობა. მიუხედავად პარტნიორებთან არსებული გამოწვევებისა, “ქართული ოცნება” ოპტიმიზმს არ კარგავს.
მომავალ წლამდე არჩევნებია, რომლის სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარებაც საქართველოს და მისი მეგობრების ინტერესშია. ხოლო ის, რაც ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითა და ანტიდასავლური რიტორიკით მეგობრებთან ურთიერთობებს აზიანებს, ამერიკელი სტუმრის აზრით, მხოლოდ მტრის ინტერესში. ასეთი კი შტატებს მხოლოდ ერთი ეგულება და ისიც ჩრდილოეთით. დიპლომატის ნათქვამს იზიარებენ ოპოზიციაში, სადაც არ სჯერათ, რომ ოცნებამ რამე ვერ გაიგო.
ის, რაც ოპოზიციისთვის კონკრეტულია, ბუნდოვანია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში კითხვას სვამენ, თუ როდის გაჟღერდა მეგობრების საწინააღმდეგო დეზინფორმაცია მათი რიგებიდან. ქალაქის მერი მზადაა მოიბოდიშოს, თუ ასეთს წარუდგენენ. გუნდში კითხვები არა ქართული დემოკრატიის, არამედ პარტნიორების მისამართით ისმის.
დემოკრატიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში ესაუბრა ყველა იმ აქტორს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატს ქმნის. შეხვედრების შემდეგ კი აზრა ზეიამ თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და დეზინფორმაცია აზიანებს პარტნიორულ ურთიერთობებს, ისევე როგორც წარსულის მიღწევებსა და მომავლის მისწრაფებებს. უცვლელია, ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სტრატეგიული პარტნიორი თბილისისგან კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებს ელის, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლით. ამ პროცესში აზრა ზეიას თქმით, ვაშინგტონი არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართული დემოკრატიის მხარეს იდგება.