თბილისში,აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი დასასრულს უახლოვდება. აზრა ზეია რამდენიმე წუთში მთავრობის ადმინისტრაციაში მივა, სადაც ის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოვისმენთ პირველ სატელევიზიო კომენტარს ამერიკელი მაღალჩინოსნის მხრიდან.
სამოქალაქო საზოგადოება, უმრავლესობის და ოპოზიციის დეპუტატები, პრეზიდენტი, ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები, ბოლოს კი ონლაინ და რეგიონული მედია - ასეთი იყო ბლინკენის მოადგილის დღის წესრიგი.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, აზრა ზეიასთნ შეხვედრაზე "გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე ისაუბრეს.
"ჩვენ, ბოლო პერიოდში, ძირითადად დაკავებულები ვართ ჩვენი საკითხებით და ასევე, ჩვენი მაყურებლის პრობლემებით, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ყველას ერთად შეგვიქმნა კანონი, რომელიც პრობლემებს უქმნის ჩვენს მომავალს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე.
შეხვედრა იყო არასაჯარო, შესაბამისად დეტალებს ვერ გაგაცნობთ", - განაცხადა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა.