NATO-ს ისტორიაში ცენტრალური მომენტი დგას - ალიანსი 75 წლის საიუბილეო სამიტს მისთვის ყველაზე რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ხვდება, თუმცა NATO, დღემდე, ყველაზე წარმატებული სამხედრო გაერთიანებაა კაცობრიობის ისტორიაში. ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება უალტერნატივო პროცესია. ამიტომაცაა, რომ 32 მოკავშირე ამ თარიღს ალიანსის მთავარ ბირთვში - ვაშინგტონში აღნიშნავს.
მრავალმხრივი თავდაცვა და ეფექტური შეკავება NATO-ს უცვლელი პრიორიტეტებია, შესაბამისად, საიუბილეო სამიტის საბოლოო დოკუმენტში ფოკუსი სწორედ ამ მიმართულებებზე გაკეთდება. რა ჩაიწერება მასში საქართველოზე? - შტატებში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ შეკრებაზე თბილისის მიწვევა პარტნიორის მხრიდან უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა უკვე გამართა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელთან - ხავიერ კოლომინასთან. გარდა რუსულ ოკუპაციისა და საგარეო პრიორიტეტებისა, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და შავი ზღვის აუზის გაძლიერების აუცილებლობაც. ითქვა, რომ, საერთო მიზნების მისაღწევად, მუშაობა გრძელდება. ქართველ დიპლომატს საუბრის საშუალება მიეცემა ამერიკელ კოლეგასთან - ენტონი ბლინკენთან და სხვა პარტნიორებთან შეხვედრებზეც. მიწვეულია ჯო ბაიდენის საიუბილეო მიღებაზეც.
სამიტს ბოლოჯერ ატარებს გენმდივანი სტოლტენბერგი. უკვე გადაწყვეტილია, რომ შემოდგომაზე მას მარკ რუტე შეცვლის. სტოლტენბერგს, ევროპისთვის ურთულეს მომენტში გაწეული სამსახურისთვის, მადლობა უკვე გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ლოიდ ოსტინმა მას გამორჩეული საჯარო სამსახურისთვის ჯილდოც გადასცა. განსაკუთრებული მადლობა სტოლტენბერგმა უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მიიღო. უკრაინის უპირობო მხარდაჭერა, ამჯერადაც, სამიტის მთავარი თემაა.
ვაშინგტონში, NATO-ს 75-ე საიუბილეო სამიტის მთავარი დღე ხვალ შედგება, რა დროსაც ლიდერები, მთავარ თემებზე სამსჯელოდ, არაწევრ პარტნიორებთან ერთად შეიკრიბებიან და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ძლიერი მომავლის კონტურებს კიდევ უფრო მკვეთრად გამოკვეთენ.