ოპოზიციური პარტიები "ახალი," "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. განცხადება "ახალის" ოფისში გაკეთდა.
"ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ერთობის გეგმებზე ისაუბრა და, ასევე, წარმატებები უსურვა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაკვეთა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისა, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს რამდენიმე არჩევანი მაინც ჰქონოდა ოპოზიციურ ველზე. ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს. მე წარმატებას ვუსურვებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაჯგუფდებიან რამდენიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე," - განაცხადა ნიკა მელიამ.
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს მომავალ არჩევნებზე.
"იმის გააზრება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ხმები არ უნდა დაიკარგოს, ჩვენ ვისთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ყველას აქვს. დანარჩენი, ჩვენ ხომ არ ვართ მარტო, 20 პარტიაა და ერთმანეთში ილაპარაკონ," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.