"ლელოსა" და პარტია "ახალის" გაერთიანება ვერ შედგა. გვარამია-მელიას "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" შეუერთდნენ. 4 პარტიის დაგეგმილ ერთობაზე განცხადება "ახალის" ოფისში გაკეთდა, სადაც დღეს მათ გვერდით ხაზარაძე-ჯაფარიძე არ იდგნენ. მიზეზებზე ოპოზიციაში ვრცლად არ საუბრობენ, თუმცა "ლელოში" თქვეს, რომ "ახალი" ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღეს გაერთიანებულ პარტიებთან აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა იყო.
"ჩვენ არც პოლიტიკური უფლება გვაქვს, რომ გამოვრიცხოთ რაიმე თანამშრომლობა სამომავლოდ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ რეჟიმის დამარცხება, ასევე, არ უნდა ნიშნავდეს წარსულში დაბრუნებას. "ახალი" ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი. "ლელოსთვის" არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რომ კონფიგურაცია, რომელიც შედგება, იყოს რეალური სიახლის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა გვქონდა იმ პარტიებთან, რომლებიც დღეს გაერთიანდნენ," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.