22 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ეროვნულმა ნაკრებმა, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო - კახა კალაძე 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ბიჭებმა ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერეს.

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს:

"ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო - გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვების მოლოდინი. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს.

მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", ბიძინა ივანიშვილს იმ გადადგმული ნაბიჯისთვის, რაც გააკეთეს ჩვენი ბიჭებისთვის. თქვენ იცით, რომ 30 მილიონი მიიღო ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლისთვის. რა თქმა უნდა ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი ბიჭების და დამოკიდებულება ზოგადად სპორტის, ფეხბურთის მიმართ. საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მაგალითად რაგბის განვითარებაში, "ქართული ფეხბურთის" დახმარებაში. სასიამოვნოა ეს დამოკიდებულება, თუმცა სამწუხაროა ის, თუ განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით, როგორი ლანძღვა მიდიოდა ჩვენი ბიჭების, თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ეს ძალიან დიდი სტიმულია და დაფასებაა ჩვენი ბიჭების, თანადგომა. მინდა ყველამ იცოდეს, ზოგადად, სპორტს ყოველთვის აქვს ჩვენი მხარდაჭერა და ეს მომავალშიც გაგრძელდება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები