კალიფორნიის შტატის პოლიციამ, ტყის ხანძრის დროს დაკარგული 13 ტურისტის პოვნა შეძლო. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ჯგუფის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიცია 16-დან 20 წლამდე ასაკის 13 ადამიანს ეძებდა.
ადგილობრივი შერიფის ოფისის განმარტებით, ტყის ხანძრის და ძლიერი დაკვამლიანების გამო, ტურისტების ჯგუფმა ტყიდან გამოსვლა ვერ შეძლო. ევაკუაცია ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა. კალიფორნიის შტატში სანტა-ბარბარაში ხანძარმა უკვე 8000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა, ამ მომენტისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის 8%-ის ლოკალიზება შეძლეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.