22 ნოემბერი 2024,   09:09
ვრცლად
თუ ამერიკაც ამბობს, რომ უნდა პარტნიორული ურთიერთობა, მაშინ ასეთი სანქციებით, მათრახებით და ურთიერთობების გაწყვეტით არ უნდა იმუქრებოდეს - გურამ მაჭარაშვილი 

პენტაგონმა საქართველოში ღირსეული პარტნიორის სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, აშშ-ს განცხადებები და ნაბიჯები გაუგებარია.

"ასეთი ტიპის განცხადებები მინიმუმ გაუგებარია და კითხვის ნიშნებს ბადებს, როდესაც უსამართლო განცხადებაზე საქართველოსგან არის სამართლიანი პასუხი ეს რატომ აღიქმება ანტიამერიკულად?

ვერცერთმა აქტორმა აშშ-დან ვერ დაასახელა წინააღმდეგობრივი არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით რომ საქართველომ რაიმე სახის ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. სად დაინახა აშშ-მ დემოკრატიის პრობლემა საქართველოში? ეს ხომ უნდა გვითხრან. ესე ხომ არ შეიძლება, რომ ვასალად და მეორადი ხარისხის სახელმწიფოდ საქართველო, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა და შესაძლოა დიდი ეკონომიკა არ აქვს.

ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა, თუ ამერიკაც ამბობს, რომ უნდა პარტნიორული ურთიერთობა, მაშინ ასეთი სანქციებით, მათრახებით და ურთიერთობების გაწყვეტით არ უნდა იმუქრებოდეს. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენ მზად ვართ ნიშნავს იმას, რომ გვინდა დიპლომატიური ენით ვისაუბროთ აშშ-სთან," - აცხადებს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა საქართველოში ღირსეული პარტნიორის სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა. ლოიდ ოსტინის უწყებაში განმარტავენ, რომ 30 მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო, ხოლო "ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოზე ზეწოლა ხდება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად.

პენტაგონი ასევე თვლის რომ ახლა საქართველოში საერთაშორისო სწავლებისთვის შეუფერებელია დროა, თუმცა ამავე განცხადებაში ამერიკის თავდაცვის უწყება ხაზგასმით აცხადებს რომ საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება.

დღის ამბები