ცნობილია ის ხუთი კანდიდატი, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შემოიტანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე.
დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს.
კომისიის წევრის თამარ ლალიაშვილის განცხადებით, კონკურსანტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები უკვე გაწერილია, ეს კრიტერიუმები ემთხვევა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მოსამართლეთა თანამდებობებზე განწესების კრიტერიუმებს. ეს არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, რომელიც ასევე მოხვდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მოსამართლესთან მიმართებით და კომისიაც სწორედ ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობთ.
"მეორე კრიტერიუმი ეს არის კონკურსანტის პროფესიონალიზმი, ანუ კვალიფიკაცია. ეს ორივე კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ამ პროცესში შეფასებისას გამოყენებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ასევე მნიშვნელოვანია მედეგობა, ზეწოლებზე გამძლეობა, დამოუკიდებლობა," - განაცხადა თამარ ლალიაშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე.
კომისიის წევრის, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლის, გურამ იმნაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცენტრალური რგოლი, ცენტრალური ინსტიტუტია მართლმსაჯულების სისტემაში, შესაბამისად, როგორ შეირჩევიან პირები, რომლებიც საბჭოში იქნებიან, ცხადია, გავლენა ექნება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაზე.
"ამჟამად მიმდინარეობს საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი, რომელიც პრეზიდენტმა უნდა გააწესოს ამ თანამდებობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, თანასწორად და კონკურსანტებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები გამოავლინონ თავიანთი უნარები, პროფესიული მიღწევები და ა.შ.
კარგია, რომ ამ პროცესს დააკვირდებიან ეუთო/ოდირის წარმომადგენლები, რაც კიდევ უფრო მეტ სანდოობას შესძენს პროცესს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, საბჭოში თუნდაც პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი იქნება ისეთი პირი, რომელიც გამოირჩევა როგორც პროფესიული უნარებით, ისე კეთილსინდისიერების მაღალი პრინციპებით და რომელიც, საბჭოში ამ კრიტიკულ ხმას გააჟღერებს და დასვამს იმ კითხვებს, რაც დასასმელია", - განაცხადა გურამ იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ.
კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს. მოხდება გასაუბრების ტრანსლირება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.
პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.
პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.