22 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
"შავი ყუთი" ნაპოვნია - სოფელ დისველთან მომხდარი ავიაკატასტროფის ზუსტი სურათის აღსადგენად, სუ-25-ის ბორტის ჩანაწერებს სპეციალისტები შიფრავენ

სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელსაც კახაბერ ზურაბაშვილი მართავდა, მარნეულის საავიაციო ბაზა, გუშინ, დღის პირველ ნახევარში დატოვა. პილოტს, გეგმური სწავლება უნდა შეესრულებინა, თუმცა 2 წუთიანი ფრენის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის ადგილი, დაუსახლებელი ტერიტორიაა, სადაც მხოლოდ სამხედრო ბაზაა განთავსებული და მოსახლეობას საძოვრები აქვს. ირკვევა, რომ სუ-25 ის ფრაგმენტები, რამდენიმე კილომეტრის რადიუსშია მიმოფანტული. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არეალი მასშტაბურია. შემთხვევის ადგილას, უკვე მეორე დღეა თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი იმყოფებიან.

უკვე ნაპოვნია ე.წ შავი ყუთი, რომლის ჩანაწერებსაც, სამხედრო პოლიცია სწავლობს. რა გახდა მოიერიშე თვითმფრინავის სუ-25-ის კატასტროფის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. მანამდე კი მოკვლევის წინასწარი დასკვნა უკვე ცნობილია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფრენამდე სუ-25-ი ტექნიკურად შემოწმებული იყო. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

გამოძიების საბოლოო დასკვნამდე, ავიაკატასტროფის მიზეზებზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

სოფელ დისველში უკვე მეორე დღეა, მომხდარი ტრაგედიის დეტალებს იხსენებენ. "კურიერთან" ჰყვებიან, რომ საფრენმა აპარატმა, მათ სახლებს გადაუფრინა და მალევე მინდორში ჩავარდა. კატასტროფის ადგილას მისულ მოსახლეობას, მძიმე სურათი დახვდათ.

სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა, სუ-25-მა კატასტროფა გუშინ განიცადა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი. ცხედარი, ექსპერტიზისთვის, პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება 401-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

დღის ამბები