ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ხან-იუნისში, ისრაელის იერიშებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო "ესოშიეითედ პრესის" მონაცემებით, ისრაელის არმიამ თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც მოსახლეობა თვითევაკუაციას ცდილობდა.
ღაზაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი, "ევროპული" ჰოსპიტალი თავდასხმის საფრთხის გამო დაიხურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმე პაციენტი რჩება. ჯანმო ისრაელს მოუწოდებს, საავადმყოფოს აღარ დაარტყას. ისრაელის ბრძანებას თვითევაკუაციის შესახებ გაეროს პრესსპიკერი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
"ხან-იუნისიში და რაფაჰის პროვინციებში ისრაელის მიერ ევაკუაციის შესახებ გაცემული ბრძანება 117 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება. ეს ღაზას სექტორის მესამედს მოიცავს და, ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სააგენტო აღნიშნავს, რომ ამგვარი მასობრივი ევაკუაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას ამძაფრებს და ზრდის ჰუმანიტარულ მოთხოვნილებებს. მოსახლეობის წინ დგას არჩევანი, გადაგვიდნენ იმ რაიონებში, რომლებიც გადავსებულია და სადაც არ არის წვდომა ჰუმანიტარულ მომსახურებაზე, ან დარჩნენ იქ, სადაც, როგორც ცნობილია, სამხედრო მოქმედებები ჩატარდება. გაეროს წინასწარი მონაცემებით, რაიონებში, საიდანაც ევაკუაციის ბრძანება გაიცა, 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს," - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერი, სტეფან დუჟარიკი.