25 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ქართულ პოლიციაზე თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა - მის ინსტიტუტებზე თავდასხმა კი ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან ისინი დღეს მტკიცე და ურყევია - შალვა პაპუაშვილი

"ყველას გილოცავთ საქართველოს პოლიციის პროფესიულ დღეს!

სიმბოლურია, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და პროფესიონალიზმზე გადის, ამ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს პოლიცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სწორედ ქართული პოლიცია უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდ და გამართულ ფუნქციონირებას, თითოეული ოჯახის და ადამიანის ყოველდღიურ უსაფრთხოებას და დაცულობას.

"ქედს ვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობის, სიმამაცის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე. ქედს ვიხრი იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. უდიდეს პატივისცემას და თანადგომას იმსახურებენ მათი ოჯახები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 33- წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ვნახეთ ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელი პროცესი, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყნის დემოკრატიზაციის და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს. უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია დემოკრატიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, მით მეტად ჰუმანური და თანამიმდევრულია საპოლიციო სტრუქტურების მუშაობის პრინციპები და სტრატეგია.

"2012 წლიდან საქართველოს პოლიციაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. უწყება გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, მოხდა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე შინაგანაწესების და პრაქტიკის დონეზე. დღეს ჩვენ გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტით. დღეს ქართული პოლიცია ქართველი ხალხის გვერდით, მცველ ფარად დგას საქართველოს საფრთხეების და გამოწვევების პირისპირ.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს ქართველი პოლიციელების მაღალ თვითშეგნებას და უდიდეს პატრიოტიზმს. მხოლოდ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეუძლია შეურაცხყოს საკუთარი ქვეყნის პოლიციელი და სცადოს მისი სახელის გატეხა. თუმცა, აქაც ვხედავთ მიზანმიმართულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მოსპობისა და

სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მიზნით, რაც უდიდესი მონდომებითა და ჟინით ხორციელდება შიდა თუ გარე მტრების მიერ. მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ ქართულ პოლიციაზე თავდასხმა , ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა. ქართულ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმა კი ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან ისინი დღეს, ისე როგორც არასდროს, მტკიცე და ურყევია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და თითოეულ ქართველ სამართალდამცავს მადლობა გადაუხადა ღირსეული და თავდადებული შრომისა და მამულიშვილობისთვის, მოქალაქეების მიმართ უაღრესად ჰუმანური და თმენის ვალდებულებით აღსავსე დამოკიდებულებისთვის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვახტანგ გომელაურს მისი მართლაც მაღალპროფესიონალური და ღირსეული საქმიანობისთვის, რომელიც გამსჭვალულია სამშობლოს სიყვარულით, პასუხისმგებლობით საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ.


კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას! გისურვებთ თქვენი მუნდირის ღირსეულად ტარებას! გისურვებთ მშვიდობას თქვენს ოჯახებში და სრულიად ქვეყანაში!
- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

დღის ამბები