უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებისგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურების თანხმობა მიიღო. შეიცვალა ამერიკის პოზიციაც - ჯო ბაიდენმა კიევს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ხარკოვის რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე მდებარე სამიზნეებს ეხება. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, პირველი იერიშები უკრაინამ, შესაძლოა, რამდენიმე საათში ან დღეში განახორციელოს.
12 მოკავშირე ქვეყნის თანხმობას წინ უკრაინის დაზვერვის განცხადება უძღოდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კიევს ინფორმაცია ჰქონდა საოკუპაციო ჯარის ქვეყნის საზღვართან მობილიზების შესახებ, თუმცა, მოკავშირეების იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის არქონის გამო, რუსეთმა ხარკოვის ოლქში შემოჭრა შეუფერხებლად შეძლო. მხოლოდ დღეს, რუსეთის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. ბოლო კვირების განმავლობაში, ხარკოვს რუსეთი ინტენსიურად უტევს.
კიევის მოთხოვნაზე თანახმაა საფრანგეთი და გერმანია. მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი რამდენიმე კვირაში უკრაინაში ასობით ევროპელ სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადების პროცესში ჩაერთვება.
ლიდერების პოზიციას ნატოს გენერალური მდივანიც იზიარებს და აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მოკავშირეებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებად არ აქცევს, უკრაინას კი აქვს უფლება, საკუთარი იარაღი საჭიროების მიხედვით გამოიყენოს. დასავლელი ლიდერების გადაწყვეტილებას მოსკოვში შეფასება მოჰყვა, ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი "ნატო"-ს ატომური იარაღის გამოყენებით ემუქრება.
ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული სარაკეტო სისტემები 250 და 500 - კილომეტრის რადიუსზე სამიზნეების განადგურების საშუალებას იძლევა. სარაკეტო სისტემებისა გარდა, უკრაინა მოკავშირეებისგან ბომბდამშენებსა და მოიერიშე თვითმფრინავებსაც მიიღებს. პრაღაში გამართულ არაფორმალურ სამიტზე "ნატო"-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატები უკრაინისთვის იარაღის გადაცემის კოორდინირებული სისტემის შექმნაზე მსჯელობენ.