25 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს - რა გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკოსებისგან დასკვნას

თეონა აქუბარდიას და პაატა მანჯგალაძის მიმართვიდან 10 დღეში ეუთო/ოდირმა დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და გადადგან ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

სახელისუფლებო გუნდისთვის, დასკვნის მომზადების ვადასთან ერთად, კითხვებს მისი ერთ-ერთი ავტორის ობიექტურობაც აჩენს. ეუთო/ოდირის შეფასება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ჯერემი მაკბრაიტის ანალიზს ეფუძნება. მმართველი პარტიის თქმით, სწორედ მაკბრაიტი იყო ევროპის საბჭოს დასკვნის ავტორიც, რომელსაც, მოგვიანებით, ვენეციის კომისია დაეყრდნო. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა ამ ინსტიტუტის, ისევე, როგორც ეუთო-ოდირის შეფასება, სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკაა.

მნიშვნელოვანია, რა დაწერა და არა ვინ დაწერა - ამბობს ის ოპოზიცია, რომელმაც, კანონის შესაფასებლად, ეუთო/ოდირს თავად მიმართა. დასკვნის ავტორზე მეტად, საინტერესო მისი შინაარსია მიხეილ სააკაშვილის პარტიისთვისაც.

ეუთო/ოდირის ანალიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მიღებული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული FARA-სგან და ავსტრალიაში არსებული კანონისგან. დასკვნას, ამ ნაწილში, უმრავლესობაც ეთანხმება და ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონი გაცილებით ლიბერალურია.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი", მისი გაუქმების მოწოდებების მიუხედავად, მალე ძალაში შევა, თუმცა, ორი თვის განმავლობაში, იურიდიულ პირებს ფინანსური დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ, რადგან ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი რეესტრი უნდა შექმნას.

დღის ამბები