25 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
პირველად აშშ-ის ისტორიაში, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს - დონალდ ტრამპი გამტყუნებულია 34-ვე ბრალდებაში

საარჩევნო კამპანიის დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ჩატარებულ პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი, 34-ვე მუხლით გაამტყუნეს. ის ამიერიდან პირველი ექსპრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო. ყოფილი პრეზიდენტი გასაჩივრებას გეგმავს და ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დევნის.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა კიდევ ერთი პრესკონფერენცია მოიწვია და განმარტა, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია, არანაირი დანაშაული არ იკვეთება და ეს საქმე მის წინააღმდეგ არ საერთოდ არ უნდა წამოეწყოთ. ტრამპის თქმით, მომხდარმა მის რეიტინგს შეუწყო ხელი და, ზოგიერთი გამოკითხვით, უკანასკნელ 12 საათში, ის 6 პუნქტით გაიზარდა.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გამოცხადებას გამოეხმაურნენ კანონმდებლებიც. კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა დემოკრატები პოლიტიკური ოპონენტის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.

ისტორიული სასამართლო პროცესის ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტმა ტრამპის მომხრეები იმედგაცრუებული დატოვა, მისი მოწინააღმდეგეები კი ექსპრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას სიხარულით შეხვდნენ.

იურიდიულად, ეს არ უშლის ხელს ტრამპს, კამპანია გააგრძელოს და პრეზიდენტი გახდეს. ბაიდენის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის არდაშვება მხოლოდ საარჩევნო ყუთებთან წყდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპის თავგანწირული მომხრეები ისევ მის მხარდამჭერებად დარჩებიან, თუმცა არსებობს რამდენიმე შტატი, სადაც ხალხის ნაწილი წინასწარ ამბობდა, რომ, გასამართლების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს არჩევნებზე ხმას, სავარაუდოდ, აღარ მისცემდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი 2016 წლის საარჩევნო კამპანიისდროინდელ საქმეში დაადანაშაულეს, როდესაც მისმა იურისტმა, მაიკლ კოენმა, გაჩუმების სანაცვლოდ, პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსს ფული გადაუხადა, რათა ტრამპთან სასიყვარულო ურთიერთობების გახმაურებით, კანდიდატი არ დაზიანებულიყო. ფულის გადახდა დანაშაული არ არის, თუმცა ამ ანაზღაურების იურიდიულ მომსახურებად გაფორმება, დოკუმენტების გაყალბება დასჯადი ქმედებაა.

დონალდ ტრამპის სასჯელს მოსამართლე 11 ივლისს გამოაცხადებს. ასეთი დანაშაულისთვის, 4 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა მოსამართლეზეა დამოკიდებული, განუსაზღვრავს ის თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას, თუ - სხვა სასჯელს. პატიმრობის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპი ციხეში მოხვდეს იმ დრომდე, ვიდრე აპელაციის ყველა პროცედურა არ დასრულდება.

 

დღის ამბები