25 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
უცხოური ჩარევის კანონი - რა დაამტკიცა საფრანგეთის სენატმა და ვინ ჩაითვლება უცხოური ინტერესების გამტარებლად საფრანგეთში

საფრანგეთის სენატში, სენატორები და დეპუტატები, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, უცხოური ჩარევის კანონის ტექსტზე საბოლოოდ შეჯერდნენ. დოკუმენტს ახალი მუხლიც დაემატა, რომელიც სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუკი, უცხოური ინტერესების გატარების მიზნით, თავდასხმა მოხდა საკუთრებაზე, ან კონკრეტულ პირზე. გარდა ამისა, გაფართოვდა პოტენციური სამიზნეების სიაც და ის, მათ შორის, მთავრობის მოქმედ და ყოფილ წევრებსაც მოიცავს. ახალი ტექსტის მიხედვით, ძლიერდება საგამოძიებო ნაწილიც, რაც გულისხმობს დაზვერვის სამსახურის ჩართვას უცხო ჩარევის ოპერაციების დასადგენად.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება - იმუშაოს უცხო ჩარევის კანონზე, ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ მსგავსი რეგულაციები ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია. დეპუტატები ყურადღებას ფრანგული დოკუმენტის შინაარსზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ის, ქართული ვარიანტისგან განსხვავებით, ბევრად მკაცრია.

საფრანგეთისა და საქართველოს კანონების შედარება არასერიოზულია ოპოზიციისთვის, სადაც ამბობენ, რომ ორივე დოკუმენტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველოში მიღებული კანონისგან განსხვავებით, ფრანგულ ტექსტში კონკრეტულად არის განსაზღვრული მტრული სახელმწიფოები და ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ ეხება.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დამოკიდებულება, რომელიც პარტნიორებს საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ჰქონდათ, მიუღებელია, რადგან ახლა მსგავს კანონს ევროკავშირის წევრი ქვეყანაც იღებს. ეს კი, მმართველი ძალისთვის, ორმაგი სტანდარტის ღია მაგალითია.

უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, პირველი მოსმენით, 27 მარტს უკვე განიხილა და მას მხარი დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა. მოგვიანებით, პირველი მოსმენით, ის სენატმაც მიიღო. კანონპროექტის ავტორები საფრანგეთის პრეზიდენტის თანაპარტიელები, პარტია "რენესანსი"-ს დეპუტატები არიან. ცნობილია, რომ საფრანგეთში, დოკუმენტის ავტორებმა, ტექსტზე მუშაობისას, ამერიკული FARA-სა და ბრიტანული ეროვნული უსაფრთხოების აქტით იხელმძღვანელეს.

დღის ამბები