25 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
გასამართლება ჯაშუშობის მუხლით - რა დააანონსა გურამ მაჭარაშვილმა და რა ეწერა "ხალხის ძალის" სკანდალურ წერილში

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ჯაშუშობის მუხლით, ყველა იმ პირის გასამართლებას ითხოვს, რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებას აპროტესტებს. სკანდალური განცხადება უმრავლესობის წევრმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე დაწერა და თქვა, რომ რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ შემთხვევებს, სადაც კანონის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებენ და მათი ოჯახის წევრებს აბულინგებენ. "ხალხის ძალის" წევრი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა ადამიანების ლუსტრაცია მოახდინა. "ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება" - გურამ მაჭარაშვილის ამ პოზიციას მისი გუნდის სხვა ლიდერებიც იზიარებენ.

ოპოზიციამ "ხალხის ძალის" წევრის განცხადებებს დაანონსებული რეპრესიები უწოდა. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი გამჭვირვალობის კანონს მათთვის მიუღებელი პირების დისკრედიტაციის საბაბად გამოიყენებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინიციატივა სისრულეში იმ შემთხვევაში მოვა, თუ პოლიტიკური ვითარება უცვლელი დარჩება.

გურამ მაჭარაშვილის სკანდალური განცხადების ადრესატები, ოპოზიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან. მესამე სექტორის უმრავლესობამ დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, "იემსი"-ში კი ის სამართლებრივი ნორმები განმარტეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, აქციის მონაწილეებისა და კანონის მოწინააღმდეგეების ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ვერ მოხდება.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, ქართული კანონმდებლობის ჰუმანურობას უკავშირებენ სახელისუფლებო პარტიაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკურმა პროცესებმა უკვე დაადასტურა ოპოზიციის ნაწილისა და უცხო ქვეყნების საერთო ინტერესები.

სკანდალური პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - ”ხალხის ძალის” ერთ -ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ სასამართლო პროცესებს ალტერნატივა არ აქვს და ისინი ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად უნდა იქცეს.

დღის ამბები