25 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ერთად გახსნეს

ბაგების დასახლებიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე მისასვლელად, დღეიდან მოქალაქეებს კილომეტრების ნაცვლად, მხოლოდ 500 მეტრის გავლა მოუწევთ. მანძილი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებით შემცირდა. დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გახსნას, განსაკუთრებით ვაკის რაიონის მოსახლეობა ელოდა. მოქალაქეები "კურიერთან" ამბობენ, რომ დაზოგავენ დროს, ენერგიას და საცობების გვერდის ავლით გადაადგილებას უკვე მარტივად შეძლებენ.

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ერთად გახსნეს, საავტომობილო მოძრაობის გახსნამდე ხიდის მდგრადობაც შეამოწმეს და დასრულებული გზის სავალი ნაწილი ერთად, ავტომობილით გაიარეს.

პრემიერმა ჟურნალისტებთან ქვეყნის განვითარებაში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საავტომობილო გადასასვლელი, უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა. ნახევარ კილომეტრიანი გზა 4 ზოლიანია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. ხიდთან გაიჭრა მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს.

ინფრასტრუქტურული პროექტი "კონსტრაქშენ სერვისმა" შეასრულა. კომპანიაში ამბობენ, რომ ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა და ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებული იყო მშენებლობისთვის, წარმოებულია საქართველოში.

ხიდის მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პროექტის ღირებულება 36 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები