25 ნოემბერი 2024,   09:09
ვრცლად
სახელისუფლებო გუნდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საფრთხის შემცველს უწოდებს - კაია კალასმა საქართველოში მიმდინარე პროცესები მაიდანს შეადარა

სახელისუფლებო გუნდი, შეურაცხყოფასთან ერთად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საფრთხედაც აღიქვამს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ კაია კალასის მხრიდან, საქართველოში მიმდინარე პროცესების მაიდანთან შედარება, ააშკარავებს იმ მიზნებს, რომელიც გარე ძალებს საქართველოში აქვთ. ეს მიზნები კი, "ქართული ოცნების" თქმით, ქვეყანაში რევოლუციისა და გადატრიალების მოწყობაა. მმართველი პარტია უარყოფითად აფასებს იმასაც, რომ ესტონეთის პირველი პირი, საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედების შესახებ ინფორმირებული არ იყო. საუბარია, რამდენიმე კვირის წინ, მარგუს ცაჰნას, თბილისში აქციაში მონაწილეობისა და შეკრებილებისთვის სცენიდან მიმართვის ფაქტზე.

ხელისუფლების ოპონენტები კავშირს თბილისის აქციებსა და მაიდნის მოვლენებთან ვერ ხედავენ. ფიქრობენ, რომ კაია კალასმა ეს შედარება საქართველოსა და უკრაინის გაცხადებული ევროპული მისწრაფებების გამო გააკეთა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პროტესტს, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, რევოლუციური მიზანი არ აქვს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი ესტონეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე გამოჩენას კვლავ დადებითად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ფორმით და იმ განცხადებებით, რომელიც ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ესტონეთის პარლამენტში გააკეთა, კიდევ ერთხელ გამოიხატა მათი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ.

მმართველ ძალაში ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არც ევროპული ღირებულებაა და არც დიპლომატიურ ეტიკეტში ჯდება, მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფაცაა. სახელისუფლებო გუნდმა დღეს ის მიზეზებიც დაასახელა, რის გამოც ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისში პროტესტში მონაწილეობა მიიღო - გამოითქვა ვარაუდი, რომ ამის უკან რევოლუციური მიზნების გარდა, პირადი მოტივებიც იდგა.

საკითხი დღეს პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში მაიდანის მოვლენები არ განმეორდება.

ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ოფიციალური ვიზიტით 15 მაისს იმყოფებოდნენ. ვიზიტის დასასრულს კი მინისტრები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

დღის ამბები