25 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
დანიურმა ფონდმა ონში საქველმოქმედო პროექტი გააჩერა - ოპოზიცია ფაქტს გამჭვირვალობის კანონის მიღების შედეგად აღიქვამს, მმართველ გუნდში კი პოლიტიკურ და ბიზნესინტერესებზე საუბრობენ

დანიურმა ფონდმა საქველმოქმედო პროექტზე უარი თქვა და ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის პროექტი გააჩერა. მერიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზად "ფეარ თრიზი" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ასახელებს. შეთანხმების მიხედვით, ფონდს მხოლოდ სტომატოლოგების ანაზღაურების გადახდა ევალებოდა. საჭირო სივრცის კეთილმოწყობასა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვაზე პასუხისმგებლობა კი, ონის მუნიციპალიტეტმა აიღო, რომელმაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოყო.

ფონდის იდეა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა შარშან დაიწყო და წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ერთადერთი, ვინც პროექტს ბოლომდე მიიყვანს, ონის მერიაა, სადაც ფონდის გადაწყვეტილებას სპეკულაციურად მიიჩნევენ, მის მიღმა კი პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ.

პოლიტიკურ მიზნებზე ეჭვი, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა, რომლის თანახმადაც, დანიური ფონდის ბორდის თავმჯდომარე "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იყო. მისი ფოტო თავდაპირველად "ფეარ-თრიზის" ვებგვერდზეც იძებნებოდა. მოგვიანებით, დანიურმა ფონდმა მონაცემები წაშალა და ჯაფარიძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. ის, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უარყო, მოგვანებით თავად "ლელოს" ლიდერმა ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.

დანიური ფონდის გადაწყვეტილების მიღმა, პოლიტიკურთან ერთად, ბიზნესინტერესებსაც ხედავენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ფეარ თრიზის" ბორდის წევრებს ექსპორტზე ქართული ფიჭვის გირჩი გააქვთ და სანაცვლოდ დიდ შემოსავალს იღებენ.

არასამთვარობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს ოპოზიცია, სადაც ვარაუდობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, საქველმოქმედო პროექტებბზე უარს სხვა ფონდებიც იტყვიან.

ირაკლი კობახიძემ დღეს "ფეარ თრიზისთან" "ლელოს" კავშირებზე ისაუბრა და გადაწყვეტილება კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესს დაუკავშირა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მიზნები დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ჯანდაცვის მინისტრმაც.

უფასო სტომატოლოგიური კაბინეტის პროექტი ონის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად გადაიბარა. საჭირო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი უკვე გამოყოფილია. ბავშვებისთვის უფასო კაბინეტი საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს.

დღის ამბები