ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს დღეს პარლამენტში მოუსმინეს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ონკოპაციენტი ბავშვების მკურბალობის დაფინანსებას ეხება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნული თემა ბოლო დროს სპეკულირების საგანი აღმოჩნდა და იყო მითქმა-მოთქმა, თითქოს ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსება საფრთხის ქვეშ დგებოდა. მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და მკურნალობის გარეშე არავინ დარჩება.
"აბსოლუტური ამორალურობაა ცალკეული ადამიანების მხრიდან პანიკის და ისტერიკის დათესვა. ისინი ცდილობენ ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება შესაძლებელი.
ყველა, ვინც ამას ამბობს, არის პოლიტიკური მოროდიორი, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდი დაიწეროს. ეს არ არის სხვა სფერო, სადაც მოკრძალებული პასუხი უნდა გასცე. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ არცერთ ონკოპაციენტ ბავშვს ეს პრობლემა არაფრით არ დაუდგება და ამის სადარაჯოზე სახელმწიფო იდგება", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს.
პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბენეფიციარებს, ყველა საჭირო სერვისს უფინანსებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. პროგრამაში, ჩართულია 3 ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის 6 წამყვანი მაღალტექნოლოგიური კლინიკა. პროგრამით უკვე 89-მა ბავშვმა ისარგებლა.