25 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
გავლენა არ არის მარტო უარყოფითი, რატომ განიხილავენ უარყოფითად - გია ვოლსკი ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტის პროექტის გაჩერებასთან დაკავშირებით

დანიურმა ფონდმა ,"ფეა თრიზმა" ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის პროექტი გააჩერა და მერიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მიზეზად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება დაასახელეს.

მერიაში პასუხად განაცხადეს, რომ ფონდს მხოლოდ სტომატოლოგების ანაზღაურების გადახდა ევალებოდა, საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა კი თავად უზრუნველყვეს.

"ფეა-თრიზის" ვებგვერდზე, გუშინ, ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარედ, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იყო მითითებული, თუმცა დღეს ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის აღარ ფიქსირდება.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ მმართველ გუნდშიც. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, უცხოური გავლენა მხოლოდ ცუდ კონტექსტში არ უნდა იყოს განხილული და ეს იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ უცხოური დაფინანსებით ძალიან კარგი საქმეები კეთდება.

მისივე თქმით, ამ პროექტის შეჩერება მიანიშნებ იმაზე, რომ "ლელოს" წინასაარჩევნოდ ჰქონდა თანხები მობილიზებული.

"ამ ბორდში, სადაც ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელია თუ მონაწილეა, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდ, სერიოზულ შემოსავლიან ბიზნესს აკეთებენ საქართველოში, კერძოდ, ფიჭვის უნიკალური გირჩი გააქვთ საზღვარგარეთ, ექსპორტზე და საკმაოდ სერიოზული შემოსავალი აქვთ აქედან.

ის, რომ ამას აჩერებ, ბადებს ეჭვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა მობილიზება გარკვეული რესურსების იმისათვის, რომ მერე ეს გამოეყენებინა "ლელოს" თავის საარჩევნო პროგრამაში. პროგრამის შეჩერება, მით უმეტეს, უცხოური გავლენის პოზიტიურად წარმოჩენა, აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ამ სათაურთან აქვთ პრეტენზია "ლელოს" თავიდანვე შეეძლო ეთქვა. მეორე საკითხი, გავლენა არ არის მარტო უარყოფითი, რატომ განიხილავენ უარყოფითად?! იქნებოდა შესანიშნავი მაგალითი, რომ უცხოური გავლენით კეთდება ასეთი მშვენიერი საქმე.

სხვა რამეშია საქმე, ის, რომ ჩვენ არავისთან ვალი არ გვაქვს. ეს ადამიანები არიან ბიზნესში ჩართულები, ბიზნესს აკეთებენ, ალბათ გარკვეულ თანხას ბიუჯეტშიც იხდიან, მაგრამ არავითარი დასაყვედრებელი ხელისუფლებასთან არ აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები