25 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ვინ ააშენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს - ერთადერთი პრეტენდენტი და სავარაუდო გამარჯვებული ჩინური კონსორციუმია - სად რა ააშენა ჩინურმა გიგანტმა და რა რეპუტაცია აქვს

კერძო პარტნიორი შერჩეულია - თითქმის გადაწყვეტილია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს მთავრობა ჩინურ კონსორციუმთან პარტნიორობით განახორციელებს. ინტერესთა გამოხატვისა და კონკურსის ეტაპები გავლილია. კონკურსის ფინალურ ეტაპზე, რომლის ვადა 20 მაისს ამოიწურა, ჩინურთან ერთად, შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია "თი-აი-ელი" მონაწილეობდა. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ამ უკანასკნელმა, ბოლო ეტაპზე, წინადადება აღარ წარადგინა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი დასახელდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტისა და მისი ინვესტორების ირგვლივ მუდმივად მაღალია ინტერესი პოლიტიკურ წრეებში. ეკონომიკის მინისტრის მიერ გაცხადებული სიახლე პარლამენტში არაერთგვაროვნად შეფასდა. ოპოზიცია მხოლოდ ჩინურ კომპანიასთან პარტნიორობას პრობლემად განიხილავს. კრიტიკა ისმის იმ მხრივ, რომ პროექტში არ იქნება ევროპული და ამერიკული ინვესტიციები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ჩინური კონსორციუმის ჩართულობა ანაკლიის პორტის გარანტირებულ ტვირთბრუნვას ნიშნავს.

კონკურსში ჩინური კონსორციუმის გამარჯვების საკითხს განსაკუთრებული კრიტიკოსები ჰყავს პარტია "ლელოში", რომლის დამფუძნებლებს ანაკლიის პროექტის განხორციელების მცდელობა თავად ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის საბაბით, მათთან მთავრობამ თანამშრომლობა გაწყვიტა.

კრიტიკის პასუხად, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ "ლელოში", რეალურად, საკუთარი წარუმატებლობა ალაპარაკებთ. ამასთან, განმარტავენ, რომ პარტნიორთა შესარჩევი ხანგრძლივი პროცესები უცხოური დაქირავებული კომპანიების მხრიდან დეტალურ მონიტორინგს ითვალისწინებდა და გამარჯვებულ ჩინურ კონსორციუმს არც სამართლებრივ და არც ეკონომიკურ ნაწილში ხარვეზი არ აქვს.

როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საბოლოო პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩინური კონსორციუმი კონკურსში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდება. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება პარტნიორთა შეთანხმებისა და ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, რასაც რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება. ამ პროცედურების პარალელურად, უკვე დასკვნით ეტაპზეა სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელმაც ანაკლიის სანაპირო ზოლზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობას, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ქართული მხარე იმ დრომდე დაიწყებს, ვიდრე პარტნიორი ჩინური კომპანია პროცესში სრულფასოვნად ჩაერთვება.

დღის ამბები