25 ნოემბერი 2024,   09:11
ვრცლად
ხელისუფლებისთვის, რეფერენდუმთან დაკავშირებით, ზურაბიშვილის ინიციატივა სპეკულაციურია - რის გამოტანა სურს სალომე ზურაბიშვილს რეფერენდუმზე

სახელისუფლებო გუნდისთვის, რეფერენდუმთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა სპეკულაციური და სპონტანურად გაკეთებული განცხადებაა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არარაციონალურია და, ამიტომ, არც სამართლებრივ განხილვაში შედის.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს ხელმოწერების შეგროვებისკენ გუშინ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებთან საუბრის ვირტუალური ფორმატი შეარჩია. აქციას ორბელიანების სასახლიდან ჩაერთო და პროტესტის მონაწილეებს ინიციატივა დისტანციურად წარუდგინა.

რეფერენდუმის გამართვას "რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი" არეგულირებს. პრეზიდენტი უფლებამოსილია, საერთო-სახალხო გამოკითხვა დანიშნოს პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით. ამასთან, კანონში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება, მის ჩატარებას კი პრემიერ-მინისტრის თანხმობა სჭირდება.

რეფერენდუმის ინიციატივას ოპოზიცია არ იღებს - ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მეტი განმარტება სჭირდება. პრეზიდენტის შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. აცხადებენ, რომ ქვეყნის "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე" ჩანაწერი კონსტიტუციის 78-ე მუხლშია და სხვა გზით ვერ გამყარდება.

თაღლითური და მავნებლური კამპანია - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება პრეზიდენტის ინიციატივაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ქვეყნის მთავარ კანონში ჯერ კიდევ 7 წლის წინაა შეტანილი.

სახელისუფლებო პარტიაში პრეზიდენტის ინიციატივის მიღმა მხოლოდ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას ხედავენ და ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებში საარჩევნო მიზნებს კითხულობენ.

დღის ამბები