25 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპირისპიროდ, მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება - კულურის სამინისტრო

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფორმაცია, რომ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპირისპიროდ, მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება.

2024 წლის 26 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ხანგრძლივი წვიმისა და მდინარე ჩარგლურას ადიდების შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც დააზიანა სახლ-მუზეუმის სიახლოვეს, მდინარე ჩარგლურას მარჯვენა მხარეს, კალაპოტის ნაპირსამაგრი ჯებირი და სახლ-მუზეუმთან დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა ნაწილი.

27 მაისს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მდგომარეობას. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომლებმაც უკვე შეაფასეს მდგომარეობა და, წინასწარი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმსა და მის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოები.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, პირველივე დღიდან, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში მონაწილეობს მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები