"სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ეს ე.წ. ქარტია არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინიცირებულ ქარტიასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წარმოებულ რეესტრში თავი მოიყარა ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, "რომელიც სინამდვილეში უცხოელი აგენტია".
"ერთ-ერთი სარგებელი, რაც ჰქონდა ამ კანონს, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც იყვნენ გამოჩნდნენ. სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ სიის პრეზენტაცია განახორციელა სწორედ ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. ჩვენ, თავის დროზე დავაცვევინეთ კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ ეს სათაური შეიცვალა და დღეს აღარ ვსაუბრობთ უცხოელ აგენტებზე. სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ეს ე.წ. ქარტია არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, მადლობა მას ამისათვის. იქ თავი მოიყარა ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც სინამდვილეში უცხოელი აგენტია, მუშაობს არა ქართველი ხალხის ინტერესების, არამედ სხვა ინტერესების რეალიზებაზე. მათ შორის მათი ინტერესია, რევოლუციის მოწყობა, არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი - ამისათვის იღვწიან ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ამას ემსახურება ეს ინიციატივაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოუვათ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.