25 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
მასშტაბური საჰაერო იერიში რაფაჰის კარვების ქალაქზე  - ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარულ ზონაში ხანძარი გაჩნდა, ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაჭრილი

მასშტაბური საჰაერო იერიში რაფაჰის კარვების ქალაქზე გვიან ღამით განხორციელდა. ისრაელის საჰაერო თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარულ ზონაში ხანძარი გაჩნდა. გარდაცვლილთა უმეტესობა ქალი და ბავშვია. დაიჭრა 200 ადამიანი.

ისრაელის იერიშებს წინ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის" მიერ თელ-ავივის მიმართულებით 8 რაკეტის გაშვება უძღოდა. ქვეყნის ოფიციალური უწყებების განცხადებით "ცახალის" მიზანს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაცია წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც თავდასხმის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა ფაქტს ისრაელის პრემიერი გამოეხმაურა და მომხდარს "სამწუხარო ინციდენტი" უწოდა.

ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმა ევროკავშირისთვის მიზეზია ისრაელთან ურთიერთობებს გადახედოს. დღეს ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელიდან თელ ავივს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებდნენ. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს.

ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" ისრაელის საქმეზე მომუშავე პროკურორზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. საუბარია ისრაელის საგარეო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელ იოსი კოენისა და ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას საიდუმლო შეხვედრაზე, სადაც კოენი პროკურორს მუქარის საშუალებით მოუწოდებდა, უარი ეთქვა ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელს ოფიციალური უწყებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სიცრუეს უწოდებენ.

ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას თეთრი სახლი ეხმაურება ვაშინგტონი თელ ავივს მოუწოდებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა ზომა მიიღოს. შატატების უშიშროების საბჭოს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უდანაშაულო პალესტინელების დაღუპვა შემაძრწუნებელია. ამასთანავე ისრაელს უფლება აქვს "ჰამასი" დაამარცხოს. ინგლისის საგარეო უწყება ტყვეების გაცვლის შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს.

ისრაელი არ ასრულებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, და ამას ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებლობით ხსნის. 20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ხანმა სასამართლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ასევე ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" 3 ლიდერის დაკავების ორდერისთვის მიმართა. ისრაელი საკუთარი მინისტრების ამ სიბრტყეში ტერორისტების გვერდზე დაყებნებას შემაშფოთებელს უწოდებს.

დღის ამბები