"ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას", "ისრაელი ტერორისტია, მაკრონი თანამონაწილე"- ეს მოწოდებები ისმოდა პარიზში პალესტინელების მხარდამჭერ მასშტაბურ აქციაზე, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტ მაკრონისგან ომის შესაჩერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.
პალესტინელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ესპანეთშიც, სადაც უკვე ოფიციალურად აღიარა მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოებრიობა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნორვეგიასა და ირლანდიაშიც.
პარალელურად კი, მადრიდსა და ბარსელონაში ქუჩებში გამოსული აქციის მონაწილეები ისრაელთან პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, ისრაელი ღაზაში უდანაშაულო ადამიანების გენოციდს ახორციელებს.
პროპალესტინური დემონსტრაციებია შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტების კამპუსებიდან პროტესტმა უკვე ქუჩებში გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში გზები გადაკეტეს. პროტესტის ფონზე კი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს რომ, ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის პალესტინელების მხარდამჭერების ქვეყნიდან გაძევებას დაიწყებს. კოლეჯების კამპუსებში კი პალესტინელების მხარდამჭერ პროტესტს ჩაახშობს.
თუ შეერთებულ შტატებში პალესტინელების მხარდამჭერების დეპორტაციაზე საუბრობენ, კანადაში პირიქით -პალესტინელებს თავშესაფარს სთავაზობენ. კანადის მთავრობაში შეშფოთება გამოხატეს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ტრაგედიის გამო და მზადყოფნა გამოთქვეს 5000 პალესტინელი მიიღონ.