25 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან - დღეიდან ძალაში შევიდა შეთანხმება, რომელიც სავიზო მოთხოვნების ორმხრივად გათავისუფლებას გულისხმობს

უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან - 30 დღე ერთჯერადად, საერთო ჯამში კი ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180-დღიან პერიოდში. დღეიდან ძალაში შევიდა შეთანხმება, რომელიც სავიზო მოთხოვნების ორმხრივად გათავისუფლებას გულისხმობს.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პარალელურად, ჩინეთიდან საქართველოში საპილოტე ავტოგადაზიდვაც განხორციელდა. ურუმჩი, ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო - ტვირთი ამ მარშრუტით შემოვიდა. ამჯერად საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, რომ შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში, ჩვენი ქვეყნის გავლით განხორციელდეს. ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკვე დაიგეგმა, რომ ივლისში სატრანზიტო გადაზიდვა ანალოგიური მარშრუტით შესრულდება და თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩინეთთან სავაჭრო თუ ტურისტული კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანია. თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ რომ ხელისუფლება დასავლეთთან სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს მიზანმიმართულად ასუსტებს.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ახსენებს, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ერთდროულად აქვს გაფორმებული ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. მმართველ გუნდში კი ყურადღებას იმ სარგებელზე ამახვილებენ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით მიიღებენ

ექსპერტები განმარტავენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო - ჩინეთს შორის დადებული სტრატეგიული შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება ხდება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში ვიზის გარეშე მიმოსვლის დაწესებამდე, 2023 წლის 11 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი გაიხსნა. სავიზო რეჟიმის ორმხრივი გამარტივება საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული სტრატეგიული ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია.

 

დღის ამბები