თბილისის მერია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები.
ამასთან, მერია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც დეზინფორმაციაა.
"დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი.
გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. ყველა პრობლემურ ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.
გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.
შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.