25 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
საქართველო ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლებას ზეიმობს

26 მაისის ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამხედროების აღლუმი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენაა. ქვეყნის მთავარ მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შეიარაღების გამოჩენა კი დასტურია, რომ საქართველო ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლებას ზეიმობს.

სამხედრო ორკესტრის თანხლებით მარშირება, მწყობრი ნაბიჯი და მოედანზე კოლოფებად განლაგება საზეიმო ღონისძიებისთვის - 26 მაისისთვის თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურული ერთეული განსაკუთრებულად ემზადებოდა. სამხედროებისთვის დამოუკიდებლობის დღე ის თარიღია, როდესაც საზეიმო ვითარებაში საზოგადოების წინაშე ერთობლივად წარმოჩენის იშვიათი შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიების სამხედრო კომპონენტს არაერთი სიმბოლური ნაწილი და ტრადიცია აქვს. მათ შორის დაღუპული მეომრებისთვის პატივის მიგება და ეროვნული დროშის საზეიმო აღმართვა. სამხედროების გამოსვლას თან ახლავს თხრობა თითოეული დანაყოფის ისტორიის, ფუნქციის და მიღწევების შესახებ.

თანმიმდევრულად წარადგინეს ქვედანაყოფები დარგების მიხედვით - მათ შორის - სამხედრო განათლებასა და წვრთნაზე პასუხისმგებელი ერთეულები - თავდაცვის აკადემია, კადეტთა ლიცეუმი, სერჟანტთა აკადემია და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი.

თავისუფლების მოედანზე საზეიმო ვითარებაში წარადგინეს საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მფრინავები.

განსაკუთრებულად აღინიშნა ქართველი არტილერისტების დამსახურებები და ფუნქცია. 

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების სამხედროების მარშირება, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის და დანიშნულების ერთეულებს წარმოადგენენ.

თავისუფლების მოედანზე განლაგდნენ აღმოსავლეთ სარდლობისა და დასავლეთ სარდლობის ქვეითი ბრიგადების, მათ შორის მეორე, მესამე და მეოთხე ბრიგადის სამხედროები. ამ დანაყოფებს აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული როგორც 2008 წლის ომში, ასევე - სამშვიდობო მისიებში. ასევე, განსაკუთრებული წარდგენა ჰქონდა ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონს, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფს. დღეს თითოეულ ჯარისკაცს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მოილოცეს სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა. მათ შორის - -თავდაცვის მინისტრმა.

სამხედროების აღლუმთან ერთად დღევანდელი ღონისძიების სამხედრო კომპონენტის მეორე მთავარი ნაწილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა იყო. თავისუფლების მოედანზე განლაგდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში წარმოებული ჯავშანმანქანები და სხვადასხვა დანიშნულების დანადგარები. "დელტამ" წარადგინა სიახლეები როგორც ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე იარაღის წარმოებიდან.

დამოუკიდებლობის დღის სამხედრო კომპონენტის ყველაზე ეფექტური და, ამავდროულად, დასკვნითი ნაწილი ავიაშოუ იყო. თავისუფლების მოედანს 15-მა საფრენმა აპარატმა გადაუფრინა. მათ შორის იყო 3 იროკეზი, "მი 24-ის" ტიპის 4 საბრძოლო შვეულმფრენი და 8 საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი "სუ-25", რომლებმაც ცაზე სიმბოლურად, ეროვნული დროშის ფერები დატოვეს.

დღის ამბები