25 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
დეპუტატი სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც

"ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმიანება და წერს:

"საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როცა "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდა, რომ არანორმალური ზეწოლა იქნებოდა, რომ იქნებოდა მუქარა, იქნებოდა აქციები, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ის, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, იქიდანაც ჩანს, რომ არცერთ ჩვენგანს უკან არ დაუხევია, გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს ყველა ზეწოლას, თუმცა... ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ღიად აანონსებენ, რომ პიროვნულ სანქციებს დაგვიწესებენ, რომ აგვეკრძალება ამერიკაში წასვლა როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს.

სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, ნიუ-იორკში, ლიბერტი აილენდზე, ანუ თავისუფლების კუნძულზე მდგარი თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ოკეანისთვის თვალის შევლებას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა მირჩევნია, ჩემთვის თავისუფლების კუნძული და თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა. დამისახელეთ ამერიკაში ადგილი, რომელიც რიწას შეედრება, მანახეთ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე დაყრილ ქვიშაზე უფრო თბილი და რბილი მიწა... ვერ ნახავთ, არ არსებობს. მე, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან მინდა აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა, სურათებით და გადმოცემით ვიცი, რომ საოცრებაა, იმაზე დიდი საოცრება, ვიდრე სურათებში ჩანს. ჰოდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც... აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!” - წერს სავალან მირზოევი.

დღის ამბები