25 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
მზადება 26 მაისისთვის - წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. დამონტაჟდა სცენა, მომზადდა სპეციალური ადგილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილისთვის - წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ.

დღის განმავლობაში დატვირთული იქნება დედაქალაქის მთავარი გამზირიც, სადაც კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება. განსხვავებულია წლევანდელი გალა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხიდან 1000-მდე წარმომადგენელი მიიღებს. სიახლეა ისიც, რომ წელს სრული პროგრამა ფოლკლორს დაეთმობა.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებაა რეგიონებშიც. მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თეატრალური წარმოდგენები. ღონისძიება საქართველოს ყველა რეგიონში კონცერტით დასრულდება. "ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - წელს ეს 26 მაისის მთავარი კონცეფციაა.

დედაქალაქში თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე არაერთი სტენდი ეწყობა. მათ შორისაა საქართველოს სავიზიტო ბარათიც - ქართული ღვინო.

ორგანიზატორების თქმით, ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ღვინო და მოისმინონ მისი 8 000 წლიანი ისტორია.

წვევამდელებმა თავისუფლების მოედანზე უკვე გაიარეს გენერალური რეპეტიცია. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება.

დღის ამბები