25 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს "რუსულის" იარლიყი, სინამდვილეში საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა ონლაინ ჩართვისას განაცხადა, რომ კანონის სტიგმატიზებაზე შიდა და გარე აქტორებმა იმუშავეს.

"ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. ამავე დროს, ხშირად ვხედავთ ფარულ სქემებს, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება და სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს. ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები