დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადღესასწაულო სამზადისი დაწყებულია - მონტაჟდება სცენა. წვევამდელები, ტრადიციულად, ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებენ.
ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, კვებისა და საბავშვო-გასართობი სივრცეები, ანიმაციური წარმოდგენები - მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იქნება რუსთაველის გამზირი. რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება გალა კონცერტიც, სადაც მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული 1000-მდე შემსრულებელი მიიღებს.
აქტიური სამზადისია რეგიონებშიც. ღონისძიებები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაიმართება, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება გათვლილი.
"ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - წელს ეს 26 მაისის მთავარი კონცეფციაა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. დედაქალაქის ცენტრში გამართული კონცერტი კი მრავალჟამიერით დასრულდება.