25 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი წაგებული საქმე სტრასბურგში

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხია ყველა იმ ბრალდებაზე, რომელიც, სახელისუფლებო გუნდის მიმართ, ბოლო წლებში ისმოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში, მათი მისამართით არაერთი ცილისწამება გაჟღერდა, თუმცა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნამ ყველა მათგანი გააქარწყლა.

რატომ სცდება სამართლებრივი დასკვნები იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ისმის - მმართველი პარტიის კითხვის ადრესატები მათივე ოპონენტები არიან. სააკაშვილის გუნდის წევრებს, დღეს, სამართლებრივ ნაწილზე საუბარი არ სურთ.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, "ხალხის ძალაში" იმ რეზოლუციების შინაარსს და განცხადებებს იხსენებენ, რომლებიც მსჯავრდებული სააკაშვილის პოლიტმატიმრობასა და მისი გათავისუფლების აუცილებლობაზე კეთდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები და მათ მიერ მომზადებული რეზოლუციები მხოლოდ ლობიზმის შედეგი იყო.

მმართველი ძალისთვის, ლობიზმის შედეგია ის ბოლო რეზოლუციაც, რომელიც ევროპარლამენტმა 25 აპრილს მიიღო. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან ერთად, ევროპარლამენტარების კონკრეტულ ჯგუფს დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის ჩაწერა არ დავიწყებია. რეზოლუციის მიღებას სააკაშვილის დედაც ესწრებოდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ოფიციალურად ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ გიული ალასანიაა იმ კონტრაქტების მთავარი ხელმომწერი, რომელიც, "ფარას" მასალების მიხედვით, ლობისტებთან კონკრეტული კამპანიების წარმოებისთვის ფორმდებოდა.

სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პირველი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტია. ექსპრეზიდენტის გათავისუფლება რეზოლუციაში ძირითადი საკითხი იყო. რეზოლუცია პოლონეთის სეიმმაც მიიღო. 2023 წლით თარიღდება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელშიც მთავრობას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა კავშირში იქნებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. მიმართავდნენ სალომე ზურაბიშვილსაც და პრეზიდენტს შეწყალების მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ. ევროპარლამენტის დერეფანში იმართებოდა ფლეშმობებიც და სააკაშვილის გათავისუფლებას კონკრეტული ევროპელი დეპუტატები, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თუ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან ერთად, ითხოვდნენ.

წარსულში მიღებულ რეზოლუციებსა თუ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან საჯაროდ გამოთქმულ პოზიციებს, მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს უწოდებს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა სპეკულაციებისთვის ადგილს არ ტოვებს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციაც არაერთხელ გავრცელდა. ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის მომზადება, სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანა, სანქციებთან დაკავშირებით, ამერიკული სენატორების დარწმუნების სტრატეგიის შემუშავება და ლობისტურ კომპანია "აკერმანთან" ხელშეკრულების გაფორმება - ყველა ინფორმაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებით დასტურდება. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო მედიაში, წინასწარ შერჩეული სათაურებით ქვეყნდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სტატიებიც. პასუხისმგებლობა კი, კომპანია "აკერმანთან" ერთად, "გლობალ ფოინთს" ჰქონდა აღებული. დასკვნებს, ასევე, დაქირავებული მედიკოსები ამზადებდნენ. სააკაშვილის ოჯახის მიერ, მხოლოდ ერთი ლობისტური კამპანიისთვის გადახდილი თანხა მილიონს აღწევს. სახელისუფლებო პარტიისთვის, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი იყო ყველა ის აქტივობა, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირდებოდა.

სტრასბურგის სამართლებრივი დასკვნა პოლიტიკური შეფასებისგან მკვეთრად აცდენილია სამთავრობო გუნდისთვის. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, ევროპული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერტილს უსვამს სააკაშვილის პოლიტმატიმრობას.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის, სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის სასჯელს კონკრეტული საქმეების გამო სამართლიანად იხდის.

მძიმე დანაშაულში ბრალდებულს პოლიტპატიმრობასთან კავშირი ვერ ექნება - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის სამართალდამცველებმა 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები