25 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პირველ განცხადებას ენტონი ბლინკენი აკეთებს - დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, მმართველი პარტია ვეტოს დასაძლევად ემზადება

შტატების სახელმწიფო მდივანი გამჭვირვალობის კანონის შესახებ შეკითხვას პასუხობს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის განხილვის დროს დაისვა. საკითხით კონგრესმენი ბილ კიტიგნი დაინტერესდა. რას მოიმოქმედებს შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - ეს ენტონი ბლინკენს აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი მწვავედ გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართველი ხალხის ინტერესს, პირიქით, გამჭვირვალობა წარმოადგენს, რასაც კანონის მიღება უზრუნველყოფს. შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოური დაფინანსების გასაჯაროებასთან დაკავშირებით პარტნიორების კრიტიკა დაუსაბუთებელია და ეს ინტერესთა კონფლიქტით იხსნება.

ოპოზიციის შეფასებით, სახელმწიფო მდივნის კრიტიკა გამაფრთხილებელი გზავნილია. ამბობენ, რომ ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლება სხვადასხვა სახის სანქციებს უნდა ელოდოს.

ბლინკენის განცხადებას ღია წერილით უპასუხა "ხალხის ძალამ", რომლის ლიდერმაც სოციალურ ქსელში ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა. სოზარ სუბარი წერს, რომ გამჭვირვალობის კანონი არის თავდაცვა თავდასხმებისგან. მისივე განცხადებით, შტატების ადმინისტრაციამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება გადაწყვიტა, რაც მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ეწინააღმდეგება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის შესახებ სტრატეგიულ პარტნიორებს თავიდანვე სთავაზობდნენ არგუმენტირებულ დისკუსიას, თუმცა, სანაცვლოდ, დაუსაბუთებელი მუქარა მიიღეს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საქართველო ამერიკისგან, პირიქით, ურთიერთობის გაღრმავებას იმსახურებს.

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის გაწვევას არ აპირებს. დასავლეთის კრიტიკის ფონზე, მმართველი პარტია ვეტოს დასაძლევად ემზადება.

დღის ამბები